საზოგადოება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ბლოკების შექმნა დაშვებული იქნეს

   საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ბლოკებად გაერთიანება დაშვებული იქნეს. პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციური პროექტით, ბლოკებად გაერთიანება აღარ მოხდება, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, შესაძლოა, ბლოკების შექმნა ერთჯერადად, 2020 წლისთვის შესთავაზოს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმცირესობა ”ქართულ ოცნებას” მაჟორატარული მანდატების შემცირების ხარჯზე პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდას და 2020 წლის არჩევნების ერთჯერადად ამ ფორმით ჩატარებას სთავაზობს.

ეს ინფორმაცია მაშინ არც “ქართულ ოცნებას” და არც საპარლამენტო ოპოზიციას ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით - 22 ივნისს, ხოლო მეორე მოსმენით 23 ივნისს, ერთპარტიულად მიიღო.