პოლიტიკა
რატომ არ უნდა შევეცადოთ, ავუხსნათ ადგილობრივებს, რომ არ მიუახლოვდნენ და არ გადაკვეთონ ხაზი? - მურატ ჯიოევი

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 79-ე შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული და ოსური მხარეების, რუსეთის ფედერაციის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენლები. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი.

შეხვედრის დაწყებამდე მურატ ჯიოევმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს და შვეიცარიის ელჩს გიუნტერ ბეხლერს სთხოვა, ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე დაეყენებინა საკითხი მოსახლეობისთვის სასაზღვრო ხაზთან 200 მეტრის რადიუსში მიახლოების აკრძალვის შესახებ. „ნუ აწარმოებენ აქ სამეურნეო საქმიანობას. მესმის, ჩვენს შემთხვევაში 200 და 100 მეტრიც კი გადამწყვეტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რთულია, მაგრამ რატომ არ უნდა შევეცადოთ, ავუხსნათ ადგილობრივებს, რომ არ მიუახლოვდნენ და არ გადაკვეთონ ხაზი? ხოლო იმისთვის, რომ არ გადაკვეთონ, საჭიროა დაფიქსირდეს ეს ხაზები. ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს აკისრია, ჟენევაში ამას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა ჯიოევმა.