საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეებზე და სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე შინაგან საქმეთა მინისტრს ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ესაუბრა. ინტერვიუ კვირის დასაწყისშია ჩაწერილი, ვიდრე გიორგი მღებრიშვილი საქმიანი ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრებოდა.
- რა ხდება აფგან მუხთარლის საქმეზე? ის გაიტაცეს, მოიპარეს თუ გადაკვეთა საზღვარი და შემდეგ დააკავეს? რა ინფორმაცია გაქვთ?
- ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ. ამ ვერსიების გაცვლა-გამოცვლაში საზოგადოებას დაავიწყდა, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანი საქმე და საჭიროებს სახელმწიფოებრივ მიდგომას.
- ფირები ახსენეთ. ამ ფირებზე სხვადასხვა ვერსია გაჩნდა. ითქვა, რომ ზოგიერთი წაიშალა. ყველა ის მასალა, რომელიც ასახავს ამ პირის გადაადგილებას, შესაბამის ორგანოს აქვს?
- ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოვიღეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიგვითითა მუხთარლის ადვოკატმა, ეს ჩანაწერები ამოღებულია ყველა ლოკაციიდან. ხდება ამ ჩანაწერების ანალიტიკური დამუშავება.
- ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ აფგან მუხთარლის ბაქოს იზოლატორში გადაყვანას, აცხადებდნენ, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ქართული სპეცსამსახურები. ამის ალბათობა გამორიცხულია?
- კატეგორიულად გამოვრიცხავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობას მასში. მეტსაც გეტყვით, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ყველა სხვა ძალოვანი უწყების ჩართულობას ამ მოცემულობაში, რასაც გვთავაზობს მუხთარლი და მისი ადვოკატი.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდ გარემოში ვცხოვრობთ და ქვეყანაში არაფრის უნდა გვეშინოდეს? დაცულები ვართ?
- აბსოლუტურად დაცულები ხართ. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, დანაშაული ხდება და დანაშაული მოხდება. მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს.