დღეს, 2011 წლის 25 იანვარს, 12:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიიღო საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და საქინფორმის დამფუძნებელი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე. პატრიარქმა დალოცა მათი მოღვაწეობა და შეხვედრის დროს აღნიშნა:
„დიდი საქმეა, რომ ამას აკეთებთ, ნამდვილად ეროვნულია, ძალიან გამახარა თქვენმა წამოწყებამ. მიმაჩნია, რომ იმ დროს, როცა ჩვენზე ძლიერად მოდის გლობალიზაციის პროცესი, და გლობალიზაციას , მოგეხსენებათ, აქვს სუბიექტი და ობიექტი, ამ შემთხვევაში ჩვენ, პატარა ერები, ობიექტები ვართ. და სუბიექტს უნდა, რომ გადაგვაკეთოს და ამით დაგვაკარგვინოს ჩვენი ეროვნული ფასეულობები.ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში. რაც კარგია ამ გლობალიზაციის პროცესში, უნდა მივიღოთ - ზოგადად საკაცობრიო ფასეულობები, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ჩვენი ფასეულობების მიმართ.
ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა დასავლეთსა და უცხო ხალხს არ ესმის ჩვენი ფასეულობებისა. ჩვენთვის ესაა ძვირფასი, მათ კი სულ სხვა კატეგორიები აქვთ ფასეულობების. ამიტომ თქვენი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირფასია და ჩვენ ყველაფერში მხარში ამოგიდგებით!
რაც შეეხება რელიგიასა და რუსეთს – ეს ცოტა ფაქიზი თემაა, ამას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა რაიმე არ გამოგვეპაროს და გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია დღეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ხიდია, რომელიც ჩვენ რუსეთთან გვაკავშირებს, ურთიერთობებს ეკლესიის მეშვეობით ვაწარმოებთ და ეს ხიდიც თუ ჩავტეხეთ, ძალიან რთული პროცესები დაიწყება. დაგლოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგმო 2011 წლის 24 იანვრის ტერაქტი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში და რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს ღრმა თანაგრძნობა გამოუცხადა.
ფოტოსურათზე: (მარცხნიდან – მარჯვნივ)„ისტორიული მემკვიდრეობის’’ თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი.