საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ოპერატიული მართვის ცენტრში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ისინი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.