აქტუალური
პრეზიდენტის უშიშროების საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დასრულდა

   საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა პრეზიდენტის უშიშროების საბჭოში. სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტისგან უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნას და, ასევე, დეტალურად გაწერილი ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებას ითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის აზრით, გასატარებელია სანქციები იმ პირების და კომპანიების მიმართ, რომლებიც უხეშად არღვევენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს ანტიანექსიური სტრატეგია“, - განაცხადა ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.

უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის თქმით, "როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსული აგრესიის მორიგ ნაბიჯებს და ჩვენ ამას ვერ ვუპირისპირებთ ქმედით პოლიტიკას, მაშინ პოლიტიკა უნდა გადაიხედოს."

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევენ, კანონმდებლობას გადახედონ.