პოლიტიკა
პრეზიდენტი ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის დაწყებას სთავაზობს

   საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოლაპარაკების დაწყებას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
განცხადება გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურმა მდივანმა გააკეთა. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, მოლაპარაკების მაგიდას უკვე ორშაბათიდან მიუჯდეს და მმართველ გუნდთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად ყველა სადავო საკითხი ხელახლა გაიაროს.

"ორშაბათს იქნებ უკვე შეხვედრა გავმართოთ, დავიწყოთ დისკუსია და ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხთა ნუსხაზე, რომელთა შესახებაც არის მზაობა კონსენსუსთან დაკავშირებით, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. მე არ ვაპირებ კრიტიკაზე საუბარს. მე მესმის, რომ პრემიერს უწევს ერთგვარი ანგარიშის გაწევა იმ გუნდისათვის, რომელი გუნდიც მუშაობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და პრაქტიკულად ჩიხური სიტუაცია შექმნა", - განაცხადა ჩიხრაძემ.