პოლიტიკა
“იქნებ ეს ისევ რუსი ჰაკერი იყო?!” - ელჩი კელი აღიარებს “საქართველოს მხოლოდ ერთ საზღვარს”, მაგრამ არ აღიარებს, ვის ჰქონდა წილი “ატკატიდან” - საქინფორმი

    საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გადმოწევას ეხმაურება: „ჩვენ მხოლოდ საქართველოს ერთ საზღვარს ვცნობთ. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი. საკმაოდ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც ეხება ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში უფრო მეტად შემოსვლას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს, დღესაც უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მტკიცედ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ასეც ვიქცევით. ამის შესახებ განცხადება გააკეთეს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, ასევე ნატოს მოკავშირეებმა. ყოველთვის წამოვწევთ ამ თემას ორმხრივ შეხვედრებზეც და ჟენევის მოლაპარაკებებზეც. შეერთებული შტატები არასდროს დათანხმდება საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას“, - აცხადებს იან კელი.

ამავე დროს, ელჩი კელი ჯერჯერობით არ აღიარებს - როგორ დაიკარგა 160 ათასი დოლარი საელჩოდან და ყველაფერში მავან ყოფილ თანამშრომელს ადანაშაულებს, რომლის დადგენა, ვითომდა, ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ “ის წლების განმავლობაში აღწევდა საელჩოს კომპიუტერულ საბუღალტრო ბაზაში, სხვადასხვა ფულად ტრანზაქციას ახორციელებდა, პროგრამაში კორექტივები შეჰქონდა, ფული გამოჰქონდა, ბოლოს კი თავისი დანაშაულის კვალი წაშალა”...

იქნებ ეს ისევ რუსი ჰაკერი იყო, რას იტყვით, ბატონო კელი?! ანდა, ისე ჩანს, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები წლების განმავლობაში იღებდნენ ელემენტარულ “ატკატს” თბილისის რესტორნების, ავტოსერვისების, სალონების, ატელიეებისა და მაღაზიებისგან მათ მიერ მიწოდებული სერვისისა და საქონლისთვის მომატებული გადარიცხვების გამო?! საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა იქიდან წილი საქართველოში აშშ-ის ელჩებს?