საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრობლემები შექმნა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში 65 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. მას მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავდა, როცა ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფლები ცაცხვი, ხეთასა და ჭალადიდი დატბორეს.
კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ზუგდიდი-ხობის ცენტრალური გზა ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა ფოთშიც.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, ასევე ზუგდიდის და ხობის გამგებელი.
შსს-ს სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან. გზებზე არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს საპატრულო პოლიცია და კერძო სექტორი. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები შეისწავლიან.
ამჟამად სამეგრელოში აღარ წვიმს.