პოლიტიკა
რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან

    საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინება პრესისათვის: “7 ივლისს პრაღაში გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გ. კარასინის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზ. აბაშიძესთან.

ტრადიციულად განხილული იქნა რუსეთ-საქართველოს კავშირების განვითარების კონკრეტული საკითხები იმ მიმართულებებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობის არქონისას პროგრესი შესაძლებელია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები. ამ სფეროებში შედეგები საგულისხმოა. ასე, მაგალითად, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქონელბრუნვა რუსეთსა და საქართველოს შორის 10%-ით გაიზარდა და 302 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გაორმაგდა ქართული ღვინის მიწოდება რუსეთში, შენარჩუნებულია საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ზრდისა და ქვეყანაში რუსული კაპიტალდაბანდებების შედინების ტენდენცია.

კვლავ იზრდება საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ სფეროში ნორმალური თანამშრომლობის განვითარებას ხელს უშლის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედება.

ორმხრივი ვაჭრობის ზრდამ განაპირობა საავტომობილო ტვირთგადაზიდვის საგრძნობი მატება, რაც აქტუალურს ხდის საქართველოს სამხედრო გზით შეუფერხებელი მიმოსვლის მოწესრიგებას. ამასთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს ხანებში პრაქტიკულად დაამუშაონ “ზემო ლარსი-ყაზბეგის” სასაზღვრო-გამტარი პუნქტის მოდერნიზაციის საკითხები დაინტერესებული უწყებების ექსპერტთა მონაწილეობით.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ურთიერთხელსაყრელი ნორმალიზაციის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ამასთან, რუსულმა მხარემ კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის თანამშრომლობის გაძლიერება ნატოსთან და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების გახშირებული მტრული რიტორიკა საერთაშორისო ტრიბუნებზე სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირის განმტკიცების ტენდენციას და შეუძლია, ორივე ქვეყნის ხალხებისათვის ობიექტურად ხელსაყრელი ეს პროცესი ჩაშალოს.

გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე მომდევნო შეხვედრის ამ წლის ბოლომდე ჩატარებაზე შეთანხმდნენ”.