პოლიტიკა
მოძალადეთა ხუთეულის მოლოდინში

bunti-saqartveloმართალია, 21 იანვარს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო სამოგზაუროდ სარისკო ქვეყნების სიიდან ამოიღო, მაგრამ ამერიკელმა ექსპერტებმა საქართველო სწორედ რომ „სარისკო“ რეიტინგში შეიყვანეს და მეოთხე ადგილიც მიაკუთვნეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის კანზასის შტატისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო ამბოხისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებების პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

ექსპერტებმა იმ 37 ქვეყნის სია გამოაქვეყნეს, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი.

ამ მეტად „სახარბიელო“ რეიტინგში საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა. მას ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის – სემ ბელის განცხადებით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება და ირლანდიის სამოქალაქო ბუნტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტის გამო მოხდა.

21 იანვრის გადაწყვეტილებაზე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას.

„საქართველო ამოიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ნუსხიდან, სადაც, მოგზაურობის თვალსაზრისით, მაღალი რისკის მქონე ქვეყნები შედიან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კუთხით მიღწეულ პროგრესს",- განაცხადა კალანდაძემ, რომელმაც ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგები, „ალბათ“ არც კი იცოდა.

ტრადიციულად, ხელისუფლებამ და ნაციონალურმა მედიასაშუალებებმა საზოგადოებას მხოლოდ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესახებ ამცნეს და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლის მიმართ წაყრუების პოლიტიკა არ უნდა ტარდებოდეს, ხმა არავის ამოუღია. არადა, ვითარება არც თუ სახარბიელოა, რადგან ქართველი ექსპერტებიც უკვე ალაპარაკდნენ იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ და სხვადასხვა „შავ“ ქვეყნებთან წარმოებულმა უვიზო პოლიტიკამ შეიძლება მოუტანოს.

საქინფორმი კომენტარისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს – ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ფიქრობს, რომ ამერიკის ხელისუფლებამ საქართველო სარისკო ქვეყნების სიიდან ჩვენი ხელისუფლების თხოვნით და იმ გარემოების გათვალისწინებით ამოიღო, რომ საქართველო მისი პარტნიორია.

„ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც შავ სიებში არიან, თუნდაც ირანთან. გარდა ამისა, აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები აქ ჩამოდიან და ადგილზე იღებენ ვიზებს, ისე, რომ მათი პირადი მონაცემებისა და წარსულის გადამოწმება არც ხდება. შესაბამისად, არის რისკებიც, რადგან, თუ ისინი საქართველოში დაინახავენ, რომ ქვეყანას ამერიკის მოქალაქეები ხშირად სტუმრობენ, შესაძლოა, ეს სიტუაცია გამოიყენონ და რაიმე ტერაქტს ან სხვა სერიოზულ ინციდენტი მოხდეს. მართალია, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ამის საშიშროება არის“, – განაცხადა სესიაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული საფრთხეებისა, არც იმის დაუნახაობა შეიძლება, რომ ხელისუფლებას კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლაში წარმატებები აქვს.

თუ რატომ დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას შტატებისთვის სამოგზაუროდ სარისკო ქვეყნების სიიდან მისი ამოღების თხოვნა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს იმ გარემოების გათვალისწინებით მოხდა, რომ ქვეყანაში ბიზნესი სერიოზულად არის დამფრთხალი და ერთადერთი სერიოზული შემოსავლის წყარო ამ ეტაპზე, შესაძლოა, ტურიზმი გახდეს, რაც ხელსუფლებამ, დიდი ხანია, მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

„თუმცა,თუ დააკვირდებით, რა ხდება ბოლო პერიოდში და როგორ ექცევა ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ხელისუფლება, ვფიქრობ, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს, რადგან, თუ ბიზნესმენი ჩამოვა და აქ ტურიზმში ფულის ჩადებით დაინტერესდება, შესაძლოა, ის ისევ ხელსუფლების მსხვერპლი გახდეს და სხვებივით გაიქცეს“, – დასძინა სესიაშვილმა.