საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა
შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების
შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე
გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორ ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.