საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეს
დაჰპირდა თავისი ნაცნობის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
წარმომადგენლობის თანამშრომლის მეშვეობით სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევის 3 წლით გადავადებას, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ
დოლარის გადახდა მოსთხოვა.
მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს თამაზ ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს
გამოართვა მოთხოვნილი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 5 ივლისს გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ამსახველი ყალბი სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს
სსკ-ის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9
წლამდე ვადით.