საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა.
სხდომა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების
ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2016-2017 წლების ანგარიში წარადგინეს.
სხდომაზე ასევე განიხილებოდა საბჭოში შემავალი უწყებების სამომავლო
გეგმები, საჭიროებები და რეკომენდაციები.
სხდომის ბოლო ნაწილი დაეთმო ქბრბ სფეროში ჩართული დონორების საკოორდინაციო შეხვედრის აუცილებლობას, რაზეც მზადყოფნა გამოთქვეს როგორც ქართულმა უწყებებმა, ასევე აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.