აქტუალური
ტურიზმის მაჩვენებელი საგრძნობლად (43%-ით) გაიზარდა

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ივნისის თვეში საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ივნისში საქართველოს 330 000-მდე ტურისტი ეწვია.

„ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში და მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე. ბოლო 6 თვის მონაცემებით, ტურისტთა რაოდენობა არის 29%-ით გაზრდილი, რაც კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან - ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28% და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. საფრანგეთიდან გვაქვს 23%-იანი ზრდა და ლიტვა +17%. ამასთან, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურისტების რიცხვი აზიის ქვეყნებიდან, - აღნიშნა პრემიერმა.