პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძე უბადლო გამარჯვებულია

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს.

"აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის და მინდა, კახის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა თბილისის მერს დავით ნარმანიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის თქმით, ნარმანია "ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება. 

"ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

"ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩვენი ხელისუფლება, როგორც მთავრობა, პარლამენტი, რომ არჩევნები იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.