სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

   საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმევა ქვეყანაში შემოსვლაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები 
განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო 
საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას 
მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას 
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ 
იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს 
აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში, გასული 
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების 
რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა.