საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ
ღრმა შეშფოთება გამოხატა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა მოექცა.
“აღნიშნული ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის”, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცხინვალის რეგიონს (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფორმატში და დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ჩარჩოებში წარმოებს. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და მხოლოდ ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვას ითვალისწინებს.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან ტარდება. დღეს ეს საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებაში რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.