საზოგადოება
რეკრეაციული ზონა ელიავას ბაზრობის ნაცვლად - მერიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. 42 ათასი კვადრატული მეტრი ქალაქის ცენტრში, სადაც ათეული წლებია, ელიავას ბაზრობა მდებარეობს, თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ზონად უნდა გადაიქცეს. თუმცა ეს გეგმის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც თბილისის მერიას არ დაუმტკიცებია და რომელსაც ტერიტორიის მფლობელები არ ეთანხმებიან.

ელიავას ბაზრობის მეწილეები დედაქალაქის მთავრობას განვითარების ალტერნატიულ გეგმას სთავაზობენ, რომელიც, მათ შორის, სარეკრეაციო ზონასაც მოიცავს. ინვესტიციას კი თავად ბაზრობის მესაკუთრეები განახორციელებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ თბილისის განვითარების ახალ გენერალურ გეგმას თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში ემხრობიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ფართო მსჯელობა გაიმართება.