პოლიტიკა
ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილის არჩევნებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პარტია “ქართული ოცნება” ორ კვირაში დაიშლება

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. “პირველ რადიოსთან" საუბრისას გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დაიშლება მაშინ, როდესაც ვეღარ იგრძნობს ბიძინა ივანიშვილის მფარველობას.

“ნებისმიერი კანდიდატი მიიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც მოახერხებს “ქართული ოცნება" თავისი რესურსებით, რადგან იქ არ არიან ლიდერები და პირადი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ. ეს არის ერთიანი მასა, რომლიდანაც გადაწყვიტეს, კალაძემ იყაროს კენჭი მერობაზე, ამიტომ კონკრეტულ ანალიზს და სახელსა და გვარს არ აქვს მნიშვნელობა...

...ნათელია, რომ დღესაც პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში მიდის ივანიშვილის ნიშნით, მიუხედავად იმისა, ერევა თუ არ ერევა ან რა დოზით მონაწილეობს ამ პროცესებში. მე ვფიქრობ, რომ მისი ჩართულობა პროცესებში არის შესუსტებული და ეს ეტყობა კიდეც, ბატებივით არიან დაბნეული, რას აკეთებენ, თვითონ არ იციან, კრიზისების ძალიან შემაშფოთებელი რაოდენობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის მხრებზე არ ზის “ოცნება”, რადგან ამ ადამიანებს არანაირი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნიათ. მის გარეშე ამ სისტემის ფუნქციონირების წარმოდგენა არის შეუძლებელი. რაც შეეხება მის საჯაროდ გამოჩენა-არგამოჩენას, პოლიტიკა ამ საზომით არ იზომება.

მაგრამ თუ ამომრჩეველს გაუჩნდა განცდა, რომ ივანიშვილი არ მონაწილეობს არჩევნებში, “ქართული ოცნება" დაიშლება ორ კვირაში", - ამბობს ხუხაშვილი “პირველ რადიოსთან".