აქტუალური
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლოს დარბაზში დააკავეს

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. კუდ-ის და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლემ საქმეზე ბრალდებული 6 პირიდან მხოლოდ ერთი - გიგლა შიოშვილი გაამართლა. კუდის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რევაზ შიუკაშვილსა და ირაკლი ყიფშიძის სასჯელი კი მოსამართლემ 4-4 წლით განსაზღვრა.

„მიგვაჩნია, რომ სამართლიანობის განცდა აღარ არსებობს ქვეყანაში ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას და დავასაბუთებთ კიდევ ერთხელ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო განაჩენის გამოსატანად“, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ბრალდებულ გიგლა შიოშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს ბრალდების მხარეც.

„გიგლა შიოშვილის ნაწილში გასაკვირი ის ფაქტია, რომ იმ ეპიზოდში, რომელ ეპიზოდზე ბრალი ჰქონდა წაყენებული, სხვა ბრალდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ და თითქმის იგივე სტანდარტის მტკიცებულებები იყო წარდგენილი სხვა ბრალდებულების შემთხვევაში, თუმცა, ჩვენ გავეცნობით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და მხოლოდ და მხოლოდ გიგლა შიოშვილის ნაწილში გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით“, - განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.