საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. (ვიდეო იხ. აქ)
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„უმნიშვნელოვანესი, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მიღებულია სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. მოგეხსენებათ, გასული ათწლეულის განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნის საგანი, მაგრამ არც ერთხელ ყოფილა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებულიყო. გარდა ამისა, ცვლილებებით, რომლებსაც ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობასა და პარლამენტს შორის; მნიშვნელოვნად იზრდება პარლამენტის როლი; მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რაც აბსოლუტურად გაუგებარი იყო არსებულ კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე; ასევე, იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ 2024 წელს გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს და ა.შ. ასე, რომ უამრავი კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი გუნდის მიერ იმისათვის, რომ მონახულიყო ნიადაგი პოლიტიკური კონსენსუსისთვის. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, აბსოლუტურად მიუღებელია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც გამოთქვა მმართველი პოლიტიკური გუნდის მზადყოფნა, განაგრძოს ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე - პოლიტიკური დიალოგი.
„თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯებისა, რომლებიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტი და არაფერი იმის იქით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ყველაფერს და მათი მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესის მიმართ, რასაც დღეს ადგილი აქვს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.