შს მინისტრის ბრძანებით უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი დამტკიცდა
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობები და პროცედურები, კერძოდ:
- უკონტაქტო პატრულირება განხორციელდება შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე;
- უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მოსამსახურე.
- უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, რომელიც გასაცნობად და აღსასრულებლად გაეგზავნება ცენტრს და განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე;
- უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში, თვალსაჩინო ადგილას, შესაბამისი ნიშნის განთავსების გზით;
- განისაზღვრა უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების/ინფორმაციის დამუშავების პირობები, პროცედურები და შესაბამისი ვადები;
- დამტკიცდა უკონტაქტო პატრულირების განხორციელების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების ნიმუშები.
ბრძანება 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა.