პოლიტიკა
აბაშიძე: რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს კითხვები, ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ

   საქართვეო, 3 ივლისი, საქინფორმი.  გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან თბილისს რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ ხდის.
 საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა აირჩია, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „საზმაუს“ პირველ არხთან ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად, თბილისს რუსეთის შეკავებისნატოსეული პოლიტიკის მონაწილედ ხდის.

ცნობილია ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი სურვილი ევროსტრუქტურებსა თუ ნატოში გაწევრიანებისა  — ეს ჩვენი ქვეყნის არჩევანია, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია, აქ არანაირი კითხვები არ არსებობს ჩვენთვის. რუსეთის მხარეს შესაძლოა ჰქონდეს კითხვები, ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ“, — განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძემ, რომელიც კარასინთან რეგულარულ შეხვედრებს ატარებს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის თემა მოლაპარაკებათა აღნიშნული ფორმატის კომპეტენციაში არ შედის.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები და ხედვა გვაქვს, მაგრამ არ მინდა დისკუსიაში შესვლა [კარასინთან], რადგან ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ორიენტირები — ეს არ არის ის თემა, რომელსაც ჩვენ პრაღაში განვიხილავთ, ეს ჩვენს მანდატს სცდება, ამიტომ არც დისკუსიის წარმოებას აქვს ამ შემთხვევაში გამართლება“, — ხაზგასმით აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.