უცხოეთი
რუსეთისა და საქართველოს დიპლომატების მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან დაგეგმილი მორიგი შეხვედრა საქმიან ატმოსფეროში გაიმართება.

დიპლომატების შეხვედრა 7 ივლისს პრაღაში გაიმართება. აბაშიძისა და კარასინის შეხვედრები საქართველოსა და რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატია, რომელიც, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, 2012 წლიდან იმართება.

 „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პრიობებში შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისი დიალოგის უმნიშვნელოვანეს არხად რჩება… რაც შეეხება ჩვენ შემდგომ შეხვედრას სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც ივლისის დასაწყისშია ჩანიშნული, მისი დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა და იმედი მაქვს, ის, როგორც ყოველთვის, საქმიან ატმოსფეროში ჩაივლის", — განაცხადა კარასინმა რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში.

 დიპლომატმა აღნიშნა, რომ აბაშიძესთან დიალოგმა შედეგი მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 „გასულ წელს ურთიერთსაქონელბრუნვამ 707 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. დღეს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ის ყიდულობს საქართველოს მიერ წარმოებული ღვინის ნახევარზე მეტს და მანდარინის მოსავლის მეოთხედს. სწორედ რუსეთიდან შედის საქართველოში საზღვარგარეთ მომუშავე ქართველების ფულადი გადარიცხვების ლომის წილი, ეს კი წელიწადში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარია. სრულდება რეგულარული ავიარეისები ქალაქებს შორის. მოქმედებს ავტობუსის ოცზე მეტი საერთაშორისო მარშრუტი. გააქტიურდა მეცნიერების, ბიზნესისა და ახალგაზრდობის კონტაქტები. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სულ უფრო მეტი სტუდენტი ირიცხება საქართველოდან", — აღნიშნა კარასინმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა, რაც მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხო ნაბიჯი იყო.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს. აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს დისკუსიას ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.