საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა მატარებლის ბილეთების ფასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ეკონომკლასის ბილეთების ფასი არ გაიზრდება - საქართველოს რკინიგზაში მატარებლის ბილეთების ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფასები მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთებზე გაიზარდა. ბიზნესკლასის ბილეთების შეძენა 55 ლარის ნაცვლად 99 ლარად იქნება შესაძლებელი, პირველი კლასის ბილეთები კი 45 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება.

რაც შეეხება ეკონომკლასს, რკინიგზის წარმომადგენლის განცხადებით, ბილეთების ფასი უცვლელი დარჩა, არასეზონზე -16 ივნისიდან 1ივლისამდე ბილეთის ფასი19 ლარია, 1 ივლისიდან კი ბათუმის მიმართულებით მგზავრობა კვლავ 24 ლარად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და უკან ყოველდღიურად 4 მატარებელი იმოძრავებს, ღამით კი კიდევ ერთი მატარებელი დაემატება. კვლავ ძალაში რჩება შეღავათები სტუდენტებზე. მეორე კლასის ბილეთების შეძენა სტუდენტებს 50%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.