საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოს" ოფისს ესტუმრა და ჟურნალისტების საქმიანობას გაეცნო.
„Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა მიხაილ შვიდკოის რედაქციის მულტიმედიურ შესაძლებლობებზე ესაუბრა და სააგენტო გააცნო, რომელშიც შედის ინტერნეტ-პორტალი, აუდიოსტუდია და მაღალტექნოლოგიური პრეს-ცენტრი.
„ძალიან კარგი სააგენტო გაქვთ. არც კი ვიკითხავ, რა შრომა სჭირდება იმას, რომ ყველაფერი ასე წესრიგში იყოს. უბრალოდ, მშვენიერია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კულტურაზე ძალიან ბევრ მასალას აკეთებთ და ეროვნებათაშორის დიალოგზე საუბრობთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამაზე ცოტას საუბრობენ", — განაცხადა მიხაილ შვიდკოიმ.
შვიდკოიმ ჟურნალისტურ საქმიანობაში მულტიმედიურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და „Sputnik-საქართველოს" რედაქციას დიდი წარმატებები უსურვა.
„თქვენ მრავალპროფილურ პროდუქტს ქმნით, თქვენი მულტიმედიური შესაძლებლობები ძალიან დიდია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელი აუდიტორიის ერთ-ერთი პრობლემაა — აუდიტორიას სურს სურათი. თქვენ კი გაქვთ შესაძლებლობა შესთავაზოთ როგორც ახალი ამბების ლენტა, ისე რადიო, ვიდეო და, საერთოდ, ყველაფერი", — დასძინა მიხაილ შვიდკოიმ.
„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ის საქართველოს ინტერნეტ-გამოცემების ტოპ-სამეულში შედის*. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.
Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
* Liveinternet-ის 2017 წლის 1 მაისის მონაცემების თანახმად