საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ საქართველო უკვე მეორე წელია, პირველ კალათაში ხვდება და დეპარტამენტის მოხსენებაშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად იცავს ტრეფიკინგის აღკვეთასთან დაკავშირებულ მინიმალურ სტანდარტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არის გოგონების და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და მიმართულების ქვეყანა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 21-ე საუკუნე იქნება ადამიანებით ვაჭრობის ბოლო საუკუნე და ეს არის ის, რაზეც ყველა პასუხისმგებელი ვართ. სამწუხაროდ, ჩვენი გამოწვევა უზარმაზარია. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი. ასე რომ, ნათელია, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ისევე, როგორც მთავრობებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.
ანგარიში საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ივანკა ტრამპმა წარუდგინეს.