საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. არასრულწლოვნებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის ირანის მოქალაქეს ასამართლებენ. გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის მე–18 მუხლით – დანაშაულის მომზადებას და 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას, მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარი გაუკუღმართებული ფორმით სექსუალურ კონტაქტს გულისხმობს.
წინასასამართლო სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 26 ივნისს გაიმართა. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. დაკავებულმა თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარ არ დაუგეგმავს და არც მამათმავლობას ჰქონია ადგილი.
პროკურორი და ადვოკატი საქმის სხვა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ. მხარეებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ მათ შორის მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს.
1966 წელს დაბადებულ მამაკაცს ირანში მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. იგი ახალციხეში ერთ–ერთ საწარმოში მუშაობდა.