სამართალი
ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით დემირელის კოლეჯის პედაგოგებმა ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს

   საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში დემირელის სკოლის წარმომადგენლის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებასთან დაკავშირებით კოლეჯის პედაგოგები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. მათ ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს და სავარაუდოდ, მათ მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებში მიიტანენ. პედაგოგები მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებულის მეუღლის თუბა ჩაბუქის აზრით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი პოლიტიკური პატიმარია. ამ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოთ“, - განაცხადა მან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ხვალ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სპეციალური კომისიის წარმომადგენლები მოინახულებენ, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებულს გამოჰკითხავენ. გამოკითხვას ინტერვიუ ეწოდება.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ ჩაბუქთან ინტერვიუ, შესაძლოა, რამდენიმე საათს გაგრძელდეს. 7 ივლისს საქართველომ უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, აძლევს თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს პოლიტიკურ თავშესაფარს.