საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. „მრეწველები“ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას გეგმავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტყემალაძის თქმით, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა საკრებულოების დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა 1999 წელს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, კვალიფიცირებული სუბიექტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს არჩევნებს და მიიღოს მასში მონაწილეობა. თუ ხარ პოლიტიკური პარტია და გინდა, არსებობდე, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, უნდა მონაწილეობდე არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავთ. რა კონფიგურაციით ჩავერთვებით არჩევნებში, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.