სამართალი
სუს-სა და აშშ-ის ტერორისტული კვლევის ცენტრს (TSC) შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი მოეწერა

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორისტული კვლევის ცენტრის (TSC) დირექტორმა ჩარლზ ქეიბლმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ტერორიზმის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოხდენის მიზნით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ძალისხმევისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთან, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის სფეროში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პირდაპირი, უსაფრთხო და სწრაფი კომუნიკაციის სისტემის გასავითარებლად. შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცნობისა და გაცვლის სათანადო პროცედურების განსაზღვრას მხარეთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად ტერორისტული აქტებისგან თავდაცვის მიზნით.

შეთანხმების ხელმოწერა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორისტული კვლევის ცენტრის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აშშ-ის ტერორისტული კვლევის ცენტრის მთავარი მრჩეველი ჩარლზ ჩოი და TSC-ს დირექტორის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კეტლინ ნოისი.