აქტუალური
“ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. ზაალ უდუმაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. „დღეს, ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია, მისმენდით თქვენს სახლებში, მისმენდით და იგებდით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი, მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში, ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, როგორც დღეს. იმიტომ, რომ არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს, იმიტომ, რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს. დღეს მეც, როგორ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი პირველ რიგში ხართ თქვენ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.