საზოგადოება
მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა ციხიდან გამოგზავნილ წერილში ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს სპეცსამსახურის აგენტს უწოდებს

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ახლა სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით „კურიერს“ წერილს უგზავნის, რომელიც 15 ივნისით თარიღდება.

ირაკლი ფირცხალავას წერილი პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმეს ეხება. უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურის აგენტი ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს გახდა და დარწმუნებულია, რომ ციანიდის საქმეც ირაკლი მამალაძის ფარული საქმიანობის გაგრძელებაა. 

ბრალდებების მთავარი ადრესატი ირაკლი მამალაძე წერილის შინაარსს კატეგორიულად უარყოფს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე კი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ სცენარისტად უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს იოსებ გოგაშვილს ასახელებს. სოსო გოგაშვილი ჟურნალისტებს და მთავარ შეკითხვებს გაურბის.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს კონკრეტული წარმომადგენლების და სპეცსამსახურების ერთობლივი სპეცოპერაციის მსხვერპლია.

მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილი წერილის მთავარმა ადრესატმა და პროკურატურის ოქროს მოწმემ ირაკლი მამალაძემ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა. დაკავებული დეკანოზის საქმის განხილვა ორშაბათს გაგრძელდება.