პოლიტიკა
ვინ ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ პროპაგანდას საქართველოში - “საქინფორმი”, მოსკოვი თუ “რუსთავი 2”?!

   საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იუწყება, ტელეარხ “რუსთავი 2”-ის ანალიტიკურმა თოქ-შოუ “პოსტსკრიპტუმმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც სირიისთვის საქართველოდან საბრძოლო მასალის მიწოდებაზეა ლაპარაკი. პენტაგონის ოფიციალური დოკუმენტი ადასტურებს, რომ ამერიკულმა მხარემ სირიაში გამოსაყენებლად შეიარაღებისთვის საქართველოს მიმართა და ამისათვის არმიის დეპარტამენტმა შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტიც გააფორმა.
დოკუმენტის მიხედვით, არმიის დეპარტამენტსა და კერძო კომპანიას შორის შესყიდვის კონტრაქტს ხელი 2016 წლის 22 სექტემბერს მოეწერა. შესყიდვა 2017 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო. 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამ დოკუმენტის არსებობას უარყოფს. მის უწყებაში კი აცხადებენ, რომ სამინისტროს დაქვემდებარებული სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მხოლოდ ახლა აწარმოებს ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკებას გარკვეული სახეობის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი რედაქტორი დეივ ბლოსი აცხადებს, რომ პენტაგონის დოკუმენტში გაქრა ჩანაწერი, რომ საქართველოსთან დაკავშირებული შეიარაღების შესყიდვა სირიისთვის იყო განკუთვნილი. ის ამბობს, რომ პენტაგონი სირიის ოპოზიციური ძალებისთვის საბჭოურ შეიარაღებას შეისყიდის. ამ ინფორმაციას „პოსტსკრიპტუმს“ პენტაგონშიც უდასტურებენ. მათი თქმით, აღჭურვილობით დახმარება განკუთვნილია აშშ-ის მთავრობისთვის, რათა მან მოამარაგოს ISIS-თან მებრძოლი ოპოზიციური ძალები სირიაში.

“საქინფორმი” ვერ დაადასტურებს, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია. შესაძლოა, ასეც არის, იმიტომ რომ რუსული იარაღი, რომელიც საქართველოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისგან დარჩა, ბევრად უკეთესია, ვიდრე ის ნახმარი ნაყარ-ნუყარი, რომლითაც ქართული არმია ნატოს სტანდარტების შესაბამისად გადააიარაღეს.

მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს ინფორმაცია - დიდი დარტყმაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აშშ-ის იმიჯზეც, რადგან ისინი გამოყვანილი არიან იარაღის ფარულ მიმწოდებლებად უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის, მათ შორის - კურთებისთვის, სირიის საკითხზე საერთაშორისო შეთანხმებების გვერდის ავლით. რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთის მოსალოდნელ რეაქციაზე...

“საქინფორმი” ეკითხება ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ინსტიტუტს, რომლებიც გამუდმებით გაჰყვირიან “კრემლის რბილ ძალაზე”, “საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ ომზე” და აქვეყნებენ “გამოკვლევებს” “საქართველოში პრორუსული პროპაგანდის” შესახებ, სადაც საქინფორმი ტრადიციულად ლიდერობს, როგორც “ღიად კრემლის მედია”:

ბატონებო! ამის შემდეგ ვინ ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ პროპაგანდას საქართველოში - საქინფორმი, მოსკოვი თუ “რუსთავი 2”?!