საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი ტანზანიაში იმყოფება, წინა დღით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილი წერდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის პეტრო პოროშენკოსთან ერთად ბრიუსელში სახალხო პარტიის სამიტზე წავიდოდა, უკრაინის პრეზიდენტი მას მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებდა. მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მიმართავს და ურჩევს არ ინერვიულოს, რადგან ის ბრიუსელის მოწვევაზე უარს აცხადებს და აფრიკაში აპირებს წასვლას.
„22 ივნისისთვის მე მაქვს ორი მოწვევა. ერთი - მსოფლიო ბანკისგან და ტანზანიის მთავრობისგან, დარ-ეს-სალამში კორუფციასთან ბრძოლის კონფერენციაზე, სადაც მე უნდა ვიყო მთავარი სპიკერი და ტანზანიის წარმომადგენლებს და სხვა აფრიკულ მთავრობებს უნდა გავუზიარო ამ ბრძოლის ჩემეული რეცეპტი, მეორე - ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე ბრიუსელში. პრეზიდენტის აპარატთან დაახლოებულმა წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელის შემდეგ მე უკრაინაში უკან აღარ შემომიშვებენ, იმის გამო რომ პოროშენკო ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს, რაც რა თქმა უნდა უკრაინის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს პრეზიდენტს ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ სამიტის პროტოკოლის თანახმად ბრიუსელში მე მასთან ერთად ერთ მაგიდაზე დამსვამენ და გადაწყვიტა ჩემი შეშინება, რომ არ წავიდე.
მე თავიდანვე არ ვაპირებდი ბრიუსელში წასვლას, აფრიკაში მივდივარ. ასე რომ, პეტრ ალექსანდრეს ძევ, თქვენი ვაშინგტონში აშკარად ნერვული ვიზიტის შემდეგ, არ არის საჭირო დამატებით ჩემზეც ინერვიულოთ! მე თქვენ განწყობას არ გაგიფუჭებთ ბრიუსელში, რადგან იქიდან 11 ათასი კილომეტრის მოშორებით ვიქნები. მოიშორეთ ეს დამანგრეველი აზრები, ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მე მაინც დავბრუნდები მშობლიურ კიევში, არა იმისთვის, რომ თქვენ დაგიპირისპირდეთ, არამედ იმისთვის რომ უკრაინის და უკრაინელების გამარჯვებისთვის ვიბრძოლო.“- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა, უკვე ტანზანიაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან ერთადაა გადაღებული. როგორც სააკაშვილი წერს ის ტანზანიის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებას უზიარებს.