უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში - ორი ქვეყნის ლიდერებმა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ექტრადირებაზე მოილაპარაკონ

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტის გადაწყვეტილება და სავარუდო დრო, უკრაინის პრეზიდენტმა, „კურიერს“ ექსკლუზიურად დაუდასტურა.

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო საქართველოში ივლისში ჩამოვა. უკრაინის პრეზიდენტმა „კურიერთან“ ჩამოსვლის დრო გაამხილა, თუმცა არ დაუდასტურებია საქართველოს ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას შეეხება თუ არა.  

უკრაინის პრეზიდენტი არ მალავს, რომ სააკაშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა. უკრაინის პრეზიდენტის და საქართველოს ხელისუფლების ფარული მოლაპარაკების შესახებ საუბრისას, მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური კონტაქტებზე მიანიშნებს.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია, გასულ კვირას გავრცელდა. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები საჯაროდ ალაპარაკდნენ. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ თემის გააქტიურება საქართველოს და უკრაინის ხელისუფლების ერთობლივი ინტერესია და პეტრო პოროშენკო ამ გზით, მისი პარტიის რეიტინგის განეიტრალებას ცდილობს.

პეტრო პოროშენკოს ვიზიტს ადასტურებენ მმართველი პარტიის წევრებიც. პარლამენტში თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განიხილება და ის ხელისუფლებას აღარ აინტერესებს.

პეტრო პოროშენკო თბილისში მხოლოდ ახლა, მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობიდან წასვლის და ოპოზიციური აქტიურობის ფონზე ჩამოდის. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება კი საქართველოს პროკურატურამ უკვე არაერთხელ მოითხოვა.