საზოგადოება
"ქართული ოცნება" კონსენსუსს ახორციელებს გუნდის შიგნით და არა გარეთ! - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალი პროექტის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და კონსენსუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„1995 წელს, მე მგონი, 23 პარტია იყო პარლამენტში. ძალიან ადრე იყო მაშინ ქართული დემოკრატიისათვის და მაშინაც კი, იმიტომ, რომ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაში ხედავდნენ ღირებულებას, მაშინაც კი მოხერხდა კონსენსუსი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს, მთავარია იყოს განწყობა, განწყობა იქითკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ. თავისთავად თუ კონსტიტუციის მიღება მართლა გვინდა, უნდა გვესმოდეს ტრივიალური ჭეშმარიტება, რომ თანხმობა უნდა იყოს ფუნდამენტი, ის დუღაბი, რითაც იქმნება კონსტიტუცია და იქმნება ასეთი ტიპის დოკუმენტი.
მთელი ქართველი საზოგადოება არის იმ პოზიციაზე, რომ უნდა მივიღოთ თანხმობის დოკუმენტი. "ქართული ოცნება" კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით. მარტივად, იმისთვის, რომ შედგეს კონსენსუსი, უნდა დაიწყოს დიალოგი“,
- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.