საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კონსტიტუციის ახალი პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი კონსენსუსის მიღწევას პარტიის შიგნით ახორციელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი პრეზიდენტს კრიზისის შექმნის მცდელობის გამო აკრიტიკებს. „პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე და ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული არც დღევანდელი კონსტიტუციით და არც პოლიტიკური მორალით“, - აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძისთვის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული დიალოგის ფორმატი მიუღებელია. „უნდა ჩავწეროთ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის სწორი. სხვას შეიძლება მიაჩნდეს სხვანაირად, მაგრამ ჩვენს ძირითად კანონში ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ იმიტომ მივდივარ, რომ სხვა ჩანაწერზე ვიღაც დამეთანხმოს, ასეთი კონსენსუსი დიალოგის შედეგად არ უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.