„მესაბოტაჟესა და ფილოსოფოსს, ზერელედ ნასწავლ მარგველაშვილს დიდი ხანია, დრო დაუდგა, მეზობლად, ავლაბრის შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრში გადავიდეს!“
საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი.
პატივცემულო რედაქცია! რატომ არის დაყვანილი საკონსტიტუციო კომისიის პრაქტიკულად მთელი მუშაობა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს და მისი, როგორც მთავარსარდლის ფუნქციების ლიკვიდაციაზე? რატომ ამოქმედდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და არაპირდაპირი კენჭისყრით - სამასი დელეგატის მიერ, რომლებსაც ამ უფლებას ხალხი არჩევნებით მიანიჭებს - პრეზიდენტის არჩევის პრინციპი არა მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, არამედ 6 წლის შემდეგ, 2024 წელს? ქართველი ხალხისთვის გაუგებარია - ვინ იქნება ეს ხალხის მიერ არჩეული 150 ამრჩევი 150 პარლამენტარის გარდა და რამდენი დაუჯდება ისინი მოსახლეობას?
ეს ბონუსების სისტემასაც ეხება - პარლამენტში არ გასული პარტიებისთვის მიცემული დარჩენილი ხმების განაწილებას, წინასაარჩევნო ბლოკებზე უარის თქმას, უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კომპეტენციას. ამ ყველაფრის მაგივრად მმართველი პარტია, მისი წარმომადგენელი საპარლამენტო უმრავლესობა, ერთჯერად დათმობაზე წავიდა - საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებაზე უკვე 2020 წელს, რაც მის მიერვე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას შეუძლებელს გახდის და პარლამენტში უკიდურესად ოპოზიციური მცირერიცხოვანი პარტიების გასვლას შეუწყობს ხელს, როგორიცაა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტია, უსუფაშვილის ახალი პარტია, ძმები ბერძენიშვილების რესპუბლიკური პარტია ალასანიას ყოფილ პარტიასთან კავშირში და ბურჯანაძის პარტია, რომ აღარაფერი ვთქვათ “პატრიოტთა ალიანსზე” და ორ ტყუპ პარტიაზე: “ნაცმოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოზე”.
საქინფორმი: მართლაც, “ზეგისთვის” გადადებული საკონსტიტუციო რეფორმა, ალბათ, აზრს დაკარგავს - რამდენიმე მიზეზით. არ შეიძლება, მსოფლიოში დინამიკურად განვითარებადი პოლიტიკური სიტუაცია რეგიონულზე არ აისახოს, მითუმეტეს, რომ იმ დროისთვის აუცილებლად ბევრი შეიცვლება ჩვენს მეზობლებთანაც - რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ამიტომ სულაც არ არის ფაქტი, რომ 2024 წელს საქართველოში ხელისუფლება კვლავ დღეს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელში იქნება. ხოლო ახალი ხელისუფლება, როგორიც უნდა იყოს ის - პროამერიკული თუ პრორუსული, სავარაუდოდ, კვლავ გადაწერს კონსტიტუციას.
უკვე დღეს დაიწყო ლაპარაკი კონსტიტუციურ მონარქიაზე, როგორც საპრეზიდენტო ან საპარლამენტო რესპუბლიკის ალტერნატივაზე, თუმცა ეს არარეალურია - საქართველოში მეფის ტახტის “უაგვისტოეს” პრეტენდენტებს შორის კინკლაობა არასდროს დამთავრდება! კოლორიტისთვის შევინახოთ სააკაშვილის მიერ ტფილისის ჟანდარმერიის ტუსაღთა ძვლებზე აშენებულ ავლაბრის სასახლეში “მეფის ოჯახი”, როგორც დღეს ვინახავთ საქორწინო გენერალს - მესაბოტაჟესა და ფილოსოფოსს, ზერელედ ნასწავლ პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომელსაც უკვე დიდი ხანია, დრო დაუდგა, მეზობლად, ავლაბრის შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრში გადავიდეს?!
რაც შეეხება შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემიდან მთლიანად პროპორციულზე გადასვლას, რასაც თითქოს ოპოზიციაც ეთანხმებოდა და “სამოქალაქო სექტორიც”, ის სახელისუფლებო პარტიის გამო გადაიდო, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კონსენსუსს ვერ მიაღწია. წინააღმდეგ, ძირითადად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ, რომლებიც საქართველოს დედაქალაქს კი არა, რეგიონებს წარმოადგენენ. როგორც ჩანს, ჯერ სათანადოდ გამდიდრება ვერ მოასწრეს და ამისთვის კიდევ ერთი ვადა სჭირდებათ...