საზოგადოება
„ილია მეორეს ბრალდებული დეკანოზის სჯერა და მიაჩნია, რომ ციანიდის საქმე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება“

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა პატრიარქთან შედგა. შეხვედრა პატრიარქის რეზიდენციაში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ბრალდებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ უწმინდესი გახმაურებულ და სკანდალურ საქმეზე მხოლოდ დაინტერესებული მხარის ინფორმაციას ფლობდა, საქმის დეტალებზე საუბრის საშუალება კი იმ ეპისკოპოსებმა არ მისცეს, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ.

პატრიარქთან აუდიენციას ბრალდებული დეკანოზის მშობლები, მეუღლე, 2 არასრულწლოვანი შვილი, და-ძმები და სინოდის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოჯახმა მოისმინა, იყო ის, რომ უწმინდესს ბრალდებული დეკანოზის სჯერა და მიაჩნია, რომ ციანიდის საქმე საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

მამა გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე უკვე ოთხი თვეა, უშედეგოდ ითხოვს ზიარებას.

შეხვედრის დასრულებიდან ერთ საათში მედიასთან ისაუბრა პატრიარქის მდივანმა. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მამალაძეებისთვის პატრიარქთან საუბარში ხელი არავის შეუშლია.

ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებით, ილია მეორის პოზიციამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეში კიდევ მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა.