სამართალი
"არასამთავრობოების რეკომენდაციებით იყო უამრავი რამ გათვალისწინებული... როგორც ჩანს, მიზანი იყო, რომ პროცესი მაქსიმალურად დაზარალებულიყო“ - თამარ ჩუგოშვილი

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტს და კონსტიტუციური პროექტის განხილვისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს მმართველი გუნდი მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. „ეს ყველაფერი გაკეთდა, რა თქმა უნდა, გამიზნულად. რა თქმა უნდა, ეს იყო წინაწარ გააზრებული პოლიტიკური სცენარი. მათ სურთ, რომ ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი და აჩვენონ, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა მიმდინარეობს თითქოს ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. არ არის ეს სწორი და არ არის ეს მართებული“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
„ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ძალიან ბევრი რამ იყო დათმობილი. არასამთავრობოების რეკომენდაციებით იყო უამრავი რამ გათვალისწინებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლოს მაინც მივიღეთ ის სიტუაცია, როდესაც დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, მიზანი ეს იყო, რომ ეს პროცესი დაზარალებულიყო მაქსიმალურად“,
- აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.  
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მმართველი გუნდი პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი გუშინ პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ სრული შემადგენლობით დატოვა.