უცხოეთი
ელდარ შენგელაიას ფილმი „სავარძელი“ მოსკოვის კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა (ვიდეო)

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი „სავარძელი“ მოსკოვის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა, რომელიც 22 ივნისს დაიწყება და 29 ივნისის ჩათვლით გასტანს (ვიდეო იხ. აქ)
ქართული ფილმი 28 ივნისს კინოთეატრ „ოქტომბერში“ იქნება ნაჩვენები არასაკონკურსო პროგრამაში ოსტატები“.
სავარძელი“ — ეს აბსურდული სატირული ტრაგიკომედიაა. ფილმის გმირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მინისტრი გიორგი მჭედლიშვილია, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერს კარგავს: სამსახურს, ავტომობილს და, რაც მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი კი ცდილობს, როგორმე მოქმედებისკენ უბიძგოს ყოფილ მინისტრს, მაგრამ ამაოდ.

მთავარ გმირს ფილმში მსახიობი ნიკა თავაძე თამაშობს. სცენარის ავტორები თავად ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი არიან, ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი, მხატვარი – გოგი მიქელაძე, ფილმის კომპოზიტორია იოსებ ბარდანაშვილი.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მთავარი პრიზისთვის 13 სურათი იბრძოლებს, რომლებიც იაპონელმა, თურქმა, არგენტინელმა, ესპანელმა, ფინელმა, გერმანელმა, ავსტრიელმა, დანიელმა, ბანგლადეშელმა, ინდოელმა, კორეელმა და რუსმა რეჟისორებმა უნდა წარადგინონ