საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. მკითხველები ხშირად ეკითხებიან საქინფორმს: მართალია თუ არა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული და ძებნილი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია იმიტომ არ ხდება, რომ ამას აშშ ეწინააღმდეგება და ნებას არ აძლევს? თუ, უბრალოდ, უკრაინა თავის მოქალაქეს არ გასცემს?
საქინფორმი: საქართველოში მცდარი აზრი ჩამოყალიბდა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციას აშშ უშლის ხელს, რაც მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ეს ნამდვილად ასე იქნებოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, იმიტომ რომ მისი წინამორბედის - ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას აშშ-მა სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა და “ლეგენდა ჯერ კიდევ ცოცხლობდა”.
მაგრამ დღეს, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ამაში დამნაშავე აშშ კი არა, საქართველოს ხელისუფლებაა. რატომ არის სააკაშვილზე დღემდე მხოლოდ შიდა ძებნა გამოცხადებული, და არა საერთაშორისო - ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საქართველო ხომ ინტერპოლის სრულფასოვანი წევრია?! ამ შემთხვევაში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ვერ უშველიდა, იმიტომ რომ უკრაინაც, საქართველოს მსგავსად, ინტერპოლის სისტემაში შედის, ყველა აუცილებელ ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი და შესაბამისი ვალდებულებებიც აქვს ნაკისრი.
და კიდევ - რატომ “მიაჩუმათეს” სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი დანაშაულების გამომძიებელი სპეციალური კომისიის მუშაობა, რომელიც 2013 წელს დაიწყო ამისათვის თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ოთხი ამერიკელი პროკურორის სრული მხარდაჭერით?!
ჰოდა, გამოდის, რომ თუ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ იმყოფება გლდანის №8 გამოსასწორებელ დაწესებულებაში, ეს აშშ-ის კი არა, საქართველოს ხელისუფლების ბრალია.