აქტუალური
„პირიმზე“ მარტამდე არ გაიხსნება

pirimzeთბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი, მრავალფუნქციური კომპლექსი „პირიმზე“ მარტამდე არ გაიხსნება. სააქციო საზოგადოება „პირიმზის“ თავმჯდომარის განცხადებით, ობიექტის გახსნა თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ სარემონტო სამუშაოები გაჭიანურდა.

კომპლექსში წარმოდგენილი იქნება სავაჭრო და საოფისე ფართები, ბოლო სართულზე კი საგამოფენო დარბაზი განთავსდება. ამასთან, „პირიმზეში“ ფართები არ გაიყიდება, ხოლო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 35 დოლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ „პირიმზეს“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ს/ს „პირიმზეს“ ყველაზე მსხვილი აქციონერი ბიზნესმენი ლაურა ღაჭავაა. იგი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ერეკლე კოდუას და ავიაკომპანია „საქართველოს ნაციონალური ავიახაზების“ პრეზიდენტის - გიორგი კოდუას დედაა. მისი განცხადებით, იგი მხოლოდ აქციების 36%-ს ფლობს. შენობის ორი სართული კი მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილებაა. კოდუების დედის საკუთრებაა სავაჭრო ცენტრი „ლილო-სიტიც“. მან ტერმინალ „ოპიზას“ გვერდით ლილოს ბაზრობის მსგავსი ახალი სავაჭრო ცენტრი შექმნა, რომელსაც ჩინელ ინვესტორებთან ერთად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აამოქმედებს.