საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა უნდა გადაწყდეს, მარგველაშვილის თანხმობას ელოდება. პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი აქვს. თუმცა მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პლენარული სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც დაინიშნება. ამის უფლებას პარლამენტის თავმჯდომარეს კანონმდებლობა აძლევს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ ეხმაურება პრეზიდენტის უარს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვის თაობაზე.
„ფაქტია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაეთანხმა კობახიძის შეთავაზებას, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიამ, პრაქტიკულად, ხაზი გადაუსვა მათ არგუმენტებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შერეული სისტემა დარჩება 2020 წლისთვის, ოღონდ საარჩევნო ბარიერი პროპორციულ ნაწილში დაიწევს 3%-მდე. ბლოკების გაუქმებასთან ერთად 3%-იანი ბარიერი 2020 წელს უზრუნველყოფს პარტიების მაქსიმალურ განვითარებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.