საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს – 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ან უფრო მაღლა მდებარეობს.