პარლამენტის შენობასთან დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ მორიგი აქცია გამართა. ისინი თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.
როგორც კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, შაბათს ვაზისუბნის 165-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიიდან და გურამიშვილის გამზირზე სასამართლოს ყოფილი შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოასახლეს. გამოსახლებულებს არ მიუღიათ არც კომპენსაცია და არც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია და ისინი კვლავ გამოსახლების პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.მორიგ აქციაზე დევნილები მომავალ სამოქმედო გეგმებს განიხილავედნენ. როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ ირაკლი ციკოლიამ აღნიშნა, დევნილები ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების საელჩოებთან აქციებს გამართავენ და მათ თავშესაფრის შესახებ ოფიციალურ მოთხოვნებს გადასცემენ.
ციკოლიას თქმით, თვის ბოლოდან დაიწყება მობილიზაცია და მზადება დიდი აქციისათვის, რომელიც ასევე პარლამენტის შენობასთან გაიმართება.
აქციის კონკრეტული თარიღი დაზუსტდება მოგვიანებით. შაბათს კი აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ავლაბარში პრეზიდენტის სასახლისკენ, სადაც იგივე მოთხოვნები განმეორდა.
მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და ლტოლვილთა მოთხოვნებს მხარი დაუჭირა პარლამენტის დეპუტატმა – ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.