საზოგადოება
პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობს (ვიდეო)

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა (ვიდეო იხ. აქ).

"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები, რომელიც ფართოდ გაშუქდება მედიის მიერ", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ერთად მსჯელობას სთავაზობს.

ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“, - განაცხადა კობახიძემ.