საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა. სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა: სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა კობიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან როსტომაშვილი. სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ ფარული კენჭისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შედეგად სპეციალურმა კომისიამ კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატს, კანონის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს.